არცთუ ისე ცოტაა იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც ხშირად ყოველგვარი სიმპტომის გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს, ხოლო როდესაც ამ დაავადების რომელიმე სიმპტომი გამოვლინდება, შესაძლოა უკვე იმდენად გვიანი იყოს, რომ ადამიანის სიცოცხლესაც კი შეექმნას საფრთხე. დაავადების იმ ეტაპზე აღმოჩენამ, როდესაც მისი სიმპტომები ჯერაც არ გამოვლენილა, შესაძლოა არც მეტი არც ნაკლები ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
მოსარგებლე პირები:
დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამის ფარგლები:
პროგრამის მიზანია პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე, რეგულარული სკრინინგის უზრუნველყოფა დაავადების განვითარებისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად.
მომსახურება მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს, პროსტატის კიბოს მართვას, ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციას, ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას, დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგს, სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტს.
ძუძუს კიბოს სკრინინგში ჩართვა შეუძლია 40-70 წლის ასაკის ქალებს.
აღნიშნული მომსახურება მოიცავს ძუძუს კიბოს გასინჯვას და გამოკვლევებს. მათ შორისაა:
- ძუძუს კიბოს ფიზიკალური გასინჯვა;
- სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი (მამოგრაფიული გამოკვლევა) 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით);
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სხვა კვლევები, მათ შორის ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსია და აღებული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს: 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალების ექიმის/გინეკოლოგის კონსულტაციას, გასინჯვას, შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას, კერძოდ:
- პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას;
- HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებში;
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას (კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება, ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა).
კოლორექტული კიბოს სკრინინგი მოიცავს 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლების ტესტირებას:
- ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლონოსკოპიას (გაუტკივარებით ან გაუტკივარების გარეშე) და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას (მათ შორის, მცირე ზომის პოლიპების ამოკვეთა), აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიურ კვლევას.
პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით.
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა მოიცავს ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასებას. ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას, დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას.
ეპილეფსიის დიაგნოსტიკა - მოიცავს ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს.
რეტინოპათიის დიაგნოსტირება - დღენაკლული ახალშობილების გამოკვლევა, რომელიც მოიცავს პირველად სკრინინგს, ექიმის კონსულტაციას, ბინოკულარულ ოფთალმოსკოპიას; საჭიროების შემთხვევაში, განმეორებად (მრავალჯერად) სკრინინგს. ნეონატალოგის გადაწყვეტილებით, გამოკვლევა უტარდებათ ასევე 34-36 გესტაციური ასაკის დღენაკლულ ახალშობილებს, რომელთაც აღენიშნებოდათ დამძიმებული ანამნეზი ან დასჭირდათ დამატებითი ოქსიგენოთერაპია 48 საათზე დიდხანს.
სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტი, რომელიც მოიცავს:
ა) ექიმი პედიატრის კონსულტაციას;
- ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, წინასწარ შედგენილი, სპეციალური კითხვარის მეშვეობით;
- ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღებას;
- ბავშვის მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლებისათვის) საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ.
ბ) დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას:
- სისხლის საერთო ანალიზი
- ფერიტინის განსაზღვრა სისხლში
- C რეაქტიული ცილა
- შარდში ჰემატინის განსაზღვრა
- ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი
- რკინის დონე სისხლში
- მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია
მოსარგებლეები, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლ-ზე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნებიან მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით).
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს:
- საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
- ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, ან
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: https://moh.gov.ge/docs/20231207120818-3.pdf
პროგრამის დაფინანსება:
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.