თუ (ლეგიტიმურად) ცხოვრობ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში, შენთვის ხელმისაწვდომია არაერთი დოკუმენტი, რომელიც გაგიხსნის სხვადასხვა შესაძლებლობას ქვეყნის შიგნით და მოგცემს საშუალებას მიიღო ყველა აუცილებელი სერვისი.
სპეციალურად შენი საჭიროებებისთვის შექმნილია უნიკალური, სრულიად ნეიტრალური დოკუმენტები, რაც წარმოშობს მხოლოდ უფლებებსა და შესაძლებლობებს, როგორიც არის, მაგალითად, სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში ჩართვა, ეკონომიკური საქმიანობის დაწყება და ამ მიზნით კომპანიის შექმნა, კომერციული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ სხვა სახის გრანტის / დაფინანსების მიღება, ბანკში ანგარიშის გახსნა და ა.შ.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კი, შენ შეძლებ უვიზოდ იმოგზაურო ევროპის/შენგენის და მსოფლიოს სხვა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ეწვიო ამ ქვეყნებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის, დროებითი დასაქმების, მკურნალობის ან სხვა მიზნით.
სპეციალურად შენთვის განკუთვნილი სერვისები, უმეტეს შემთხვევებში, მოქმედებს გამარტივებული ფორმით, ერთი ფანჯრის პრინციპით, რათა ყველა საჭირო დოკუმენტი მიიღო მაქსიმალურად მოკლე დროში, მათ შორის, რიგ შემთხვევებში, ელექტრონული ფორმით და სრულიად უსასყიდლოდ.
გამოიყენე ეს შესაძლებლობები, მიიღე შენთვის საჭირო დოკუმენტაცია და გახდი თავისუფალი საზოგადოების ნაწილი.