პირის რეგისტრაცია და (ნეიტრალური სახის) პირადი ნომრის მინიჭება

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები პირის პირადი ნომრით რეგისტრაცია არის ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიზნებით შექმნილი პირის იდენტიფიკაციის მექანიზმი, რომელიც არ გულისხმობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

 

პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია.  პირადი ნომერი ენიჭება პირს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას). 

 

აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირს, პირადი ნომრის მიღების შემთხვევაში,  შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს  ჯანდაცვის პროგრამებში და მიიღოს სხვადასხვა სერვისი (მათ შორის, უფასოდ), ჩააბაროს და ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში, მიიღოს დაფინანსება/გრანტი, დააფუძნოს კომპანია, წამოიწყოს ეკონომიკური საქმიანობა, გახსნას საბანკო ანგარიში და სხვა.

 

რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებისათვის?

 

განცხადება პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა პირმა, არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა/მეურვემ/მზრუნველმა/ ან მხარდამჭერმა, ან მინდობილმა პირმა უნდა წარუდგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან ისარგებლოს სააგენტოს დისტანციური მომსახურებით.


დისტანციურად განაცხადის წარდგენის ფორმა ხელმისაწვდომია აქ - https://sda.gov.ge/?page_id=15534 ან https://sda.gov.ge/?page_id=22311).

 

დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში მატერიალური ფორმით წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი.


რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს პიროვნების იდენტიფიკაციისათვის საჭირო ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:


- ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი, ან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში გაცემული ე.წ. დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში (ლეგიტიმურად) ცხოვრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5 X 4,5 სმ, ელექტრონული ფორმით (ფოტოს გადაღება შესაძლებელია ადგილზე).

 

რა დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) (ლეგიტიმურად) ცხოვრების ფაქტი?

 

- ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

- აფხაზეთის ა/რ მთავრობის ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს;

- არასრულწლოვანი/მხარდაჭერის მიმღები პირის, ასევე 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირის შემთხვევაში – აღნიშნული პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მშობლის (მშობლების)/მეურვის/მზრუნველის აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ცხოვრების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობა/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;
- სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ცხოვრების ფაქტს.

 

რეგისტრაციის საფასური და ვადა 

 

უფლებამოსილი სამსახური პირს არეგისტრირებს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. პირის რეგისტრაცია და პირადი ნომრის მინიჭება უფასოა.

 

რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში განაცხადის წარსადგენად?

 

ონლაინ რეჟიმში განაცხადის წარსადგენად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

 

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

 

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.


შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთან ვიდეოზარით დაკავშირებისა და შესაბამისი ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემდეგ.

 

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში განაცხადის წარდგენაზე?

 

დისტანციური მომსახურებით განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირისა და განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთhttps://sda.gov.ge/?page_id=15534 ან https://sda.gov.ge/?page_id=22311

 

საკონტაქტო ინფორმაცია - (+99532) 2401010, (+995 32) 2405405


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები - https://sda.gov.ge/?page_id=5872