ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიზნებით შექმნილი შესაძლებლობა, რომელიც არ გულისხმობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის  გამოყენებით შეუძლია იმოგზაუროს მსოფლიოს 12 ქვეყანაში. ესენია: აშშ, იაპონია, ისრაელი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.

 

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

რა საბუთებია საჭირო ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად?

 

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს[1], იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან ისარგებლოს სააგენტოს დისტანციური მომსახურებით. 

 

სახლიდან გაუსვლელად ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად ხდება ელექტრონული განცხადების შევსება (განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია აქ - https://sda.gov.ge/?page_id=14824), რასაც თან უნდა ერთოდეს ბიომეტრიული ფოტოსურათი და საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ქვემოთ მითითებული სხვა დოკუმენტები.

 

დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში მატერიალური ფორმით წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი.


ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად და პიროვნების იდენტიფიკაციისათვის საჭიროა ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტის წარმოდგენა: 

 

  • პირი უნდა ფლობდეს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან/და რეგისტრირებული იყოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, როგორც აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირი; 
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5 X 4,5 სმ, ელექტრონული ფორმით (ფოტოს გადაღება შესაძლებელია ადგილზე).

 

რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად?

 

ონლაინ რეჟიმში პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებისათვის განაცხადის წარსადგენად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

 

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საფასური და დამზადების ვადა

 

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და დამზადების საფასურია 45 ლარი.


(სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები - https://sda.gov.ge/?page_id=5872 )

 

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი?

 

განმცხადებელს შეუძლია აირჩიოს დოკუმენტის მიღების სასურველი ფორმა: დამზადებული დოკუმენტის მიღება ფოსტით, დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირის დასახელება ან დოკუმენტის პირადად გატანა. 

 

დოკუმენტის პირადად ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით მიღების შემთხვევაში, დოკუმენტის გაცემის ადგილად შესაძლებელია მითითებულ იქნას ხელსაყრელი/სასურველი იუსტიციის სახლი ან სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) ტერიტორიული სამსახური.

 

როგორ შემიძლია პირადობის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მომსახურების საფასურის გადახდა?

 

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საბანკო დაწესებულებაში ნაღდი ანგარიშსწორებით.

 

როგორ უნდა მივხვდე, განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

 

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მივა შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია განცხადების ნახვა.

 

შენიშვნა: განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთან ვიდეოზარით დაკავშირებისა და შესაბამისი ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემდეგ.

 

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე?

 

დისტანციური მომსახურებით ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირისა და განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://sda.gov.ge/?page_id=14824 ან https://sda.gov.ge/?page_id=22311

საკონტაქტო ინფორმაცია - (+99532) 2401010, (+995 32) 2405405