პირადობის ნეიტრალური მოწმობა

პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიზნებით შექმნილი შესაძლებლობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და არ გულისხმობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

 

პირადობის ნეიტრალური მოწმობა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის იბეჭდება და ივსება ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო ცხინვალის რეგიონში  მცხოვრებ პირთათვის – ქართულ და ოსურ ენებზე.


აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ფლობის შემთხვევაში,  შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს  ჯანდაცვის პროგრამებში და მიიღოს სხვადასხვა სერვისი (მათ შორის, უფასოდ), ჩააბაროს და ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში, მიიღოს დაფინანსება/გრანტი, დააფუძნოს კომპანია, წამოიწყოს ეკონომიკური საქმიანობა, გახსნას საბანკო ანგარიში და სხვა.

 

რა საბუთებია საჭირო პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად?

 

პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან ისარგებლოს სააგენტოს დისტანციური მომსახურებით. 

 

სახლიდან გაუსვლელად პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად ხდება ელექტრონული განცხადების შევსება (განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია აქ - https://sda.gov.ge/?page_id=14822), რასაც თან უნდა ერთოდეს ბიომეტრიული ფოტოსურათი და საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ქვემოთ მითითებული სხვა დოკუმენტები.

 

დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში მატერიალური ფორმით წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი.

 

თუ პირი პირველად იღებს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას, აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად საჭიროა წარდგენილ იქნეს პიროვნების იდენტიფიკაციისათვის საჭირო ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტი:

  • ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი;
  • აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაცემული ე.წ. დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5 X 4,5 სმ, ელექტრონული ფორმით (ფოტოს გადაღება შესაძლებელია ადგილზე).


(სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები - https://sda.gov.ge/?page_id=5872 )

 

თუ პირი უკვე ფლობდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობას, აღნიშნული დოკუმენტის ხელახლა მისაღებად/შესაცვლელად პირმა უნდა წარადგინოს მხოლოდ ფოტოსურათი. 

 

რა დოკუმენტით დგინდება აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში (ლეგიტიმურად) ცხოვრების ფაქტი?

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ლეგიტიმურად) ცხოვრების ფაქტის დადასტურებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

 

  • ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;
  • აფხაზეთის ა/რ მთავრობის ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს;
  • არასრულწლოვანი/ქმედუუნარო პირის, ასევე, 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირის შემთხვევაში – აღნიშნული პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მშობლის (მშობლების)/მეურვის/მზრუნველის ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ან შესაბამისი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს, ან (ფლობის შემთხვევაში) პირადობის ნეიტრალური მოწმობა/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

 

რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური პირადობის მოწმობის მისაღებად?

 

ონლაინ რეჟიმში პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებისათვის განაცხადის წარსადგენად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

 

ნეიტრალური პირადობის მოწმობის გაცემის საფასური და დამზადების ვადა

 

პირადობის ნეიტრალური მოწმობა მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 10 ლარი.

 

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული ნეიტრალური პირადობის მოწმობა?

 

განმცხადებელს შეუძლია აირჩიოს დოკუმენტის მიღების სასურველი ფორმა: დამზადებული დოკუმენტის მიღება ფოსტით, დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირის დასახელება ან დოკუმენტის პირადად გატანა. 

 

დოკუმენტის პირადად ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით მიღების შემთხვევაში, დოკუმენტის გაცემის ადგილად შესაძლებელია მითითებულ იქნას ხელსაყრელი/სასურველი იუსტიციის სახლი ან სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) ტერიტორიული სამსახური.

 

როგორ შემიძლია პირადობის ნეიტრალური მოწმობის დამზადებისთვის მომსახურების საფასურის გადახდა?

 

პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ან საბანკო დაწესებულებაში ნაღდი ანგარიშსწორებით.

 

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

 

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მივა შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია განცხადების ნახვა.

 

შენიშვნა: განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთან ვიდეოზარით დაკავშირებისა და შესაბამისი ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემდეგ.

 

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური პირადობის მოწმობის მისაღებად?

 

დისტანციური მომსახურებით პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირისა და განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://sda.gov.ge/?page_id=14822 

საკონტაქტო ინფორმაცია - (+99532) 2401010, (+995 32) 2405405