აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს, ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაქორწინების მსურველ პირთა საქორწინო
ასაკი და თანხმობა. ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან.
ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით.
ქორწინება არ დაიშვება:
- იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
- პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
- ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
- მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
- იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება;
- ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის.
ქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტები:
დაქორწინების მსურველ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
- დასაქორწინებელ პირთა/მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მხედველობაში მიიღება ხელთ არსებული, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. დოკუმენტ(ებ)ი);
- წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი (თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში);
- წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი (მხედველობაში მიიღება ხელთ არსებული, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. დოკუმენტ(ებ)ი).
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ქორწინების რეგისტრაცია განახორციელოს ხელთ არსებული, აფხაზეთის / ცხინვალის რეგიონში გაცემული ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი ე.წ. დოკუმენტების (განქორწინების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა) გამოყენებით, თუ ამ დოკუმენტებით დასტურდება აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული წინა ქორწინების შეწყვეტის ფაქტი.
მომსახურების ვადა და საფასური
ქორწინების რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურებში და იუსტიციის სახლის ფილიალში, სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, არის უფასო.
მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ: - ბმული