აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირს ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) ნებისმიერ ფილიალს, იუსტიციის სახლს, ხოლო დაბადების მოწმობის მისაღებად, ასევე, ისარგებლოს დისტანციური მომსახურებით.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაბადების რეგისტრაცია განახორციელოს აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. დოკუმენტ(ებ)ით, თუ ბავშვის დაბადების ფაქტი დასტურდება უფლებამოსილი ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით და აღნიშნულ ტერიტორიებზე გაცემულ ე.წ. დოკუმენტ(ებ)ში მითითებული ინფორმაცია/მონაცემები შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დაბადების მოწმობის გაცემის მიზნებისათვის მშობელი/მშობლები უნდა ფლობდეს/ფლობდნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ან ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან სამგზავრო დოკუმენტს, ან რეგისტრირებული იყოს/იყვნენ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, როგორც აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირ(ებ)ი.
განცხადებას დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს:
- ბავშვის ერთ-ერთი მშობელი;
- მშობლის მინდობილი პირი;
- იმ სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, სადაც დაიბადა ბავშვი.
ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა უნდა წარადგინონ:
- ქორწინების მოწმობა;
- მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხედველობაში მიიღება ხელთ არსებული, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. დოკუმენტ(ებ)ი).
ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ:
- ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხედველობაში მიიღება ხელთ არსებული, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. დოკუმენტ(ებ)ი);
- ერთობლივი განცხადება ქორწინებაში არმყოფი პირის ბავშვის მამად მითითებასთან დაკავშირებით.
(სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები - https://sda.gov.ge/?page_id=5872 )
შენიშვნა: თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ასევე წარსადგენია – ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.
ქორწინებაში არმყოფმა დედამ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხედველობაში მიიღება ხელთ არსებული, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. დოკუმენტ(ებ)ი).
თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულებაში, ბავშვის დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა უფლებამოსილ ორგანოს ეგზავნება ელექტრონულად. სხვა შემთხვევაში ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით.
დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) აუცილებელია წარდგენილ იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მომსახურების ვადა და ღირებულება
დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
დაბადების მოწმობა გაიცემა უფასოდ.
საკონტაქტო ინფორმაცია - (+995 32) 2 401010; (+995 32) 2 405405.