2011 წლიდან საქართველოში გაიცემა პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი), რომელიც არის სანდო, უსაფრთხო, მაღალტექნოლოგიური, ICAO-ს სტანდარტების შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენება შესაძლებელია არამარტო ქვეყნის ტერიტორიაზე დანიშნულებისამებრ, არამედ სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციითაც ქვეყნის გარეთ. ამჟამად პირადობის ელექტრონული მოწმობის მფლობელებს შეუძლიათ გაემგზავრონ უკრაინაში, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკებში.
რა დოკუმენტაციაა საჭირო პირადობის მოწმობის ასაღებად?
პირადობის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სამოქალაქო რეესტრის რომელიმე სამსახურს , იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან ისარგებლოს დისტანციური მომსახურებით.
პირმა, რომელიც პირველად იღებს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლში უნდა წარადგინოს:
• დაბადების მოწმობა;
• ბიომეტრიული ფოტო, ზომით 3.5X4.5 სმ, ელექტრონული ფორმით (ფოტოს გადაღება შესაძლებელია ადგილზე);
• რეგისტრაციის საფუძველი, რაც გულისხმობს კონკრეტული სარეგისტრაციო მისამართის მითითებას, ან მისამართის მითითების გარეშე (უმისამართო) რეგისტრაციას (თუ 18 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გადის მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, რეგისტრაციის საფუძველი საჭირო არ არის).
დისტანციური მომსახურებით პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება შეუძლია საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს უკვე მიღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი და ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.
პირადობის მოწმობის დისტანციურად მიღების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
(იხილეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები)
პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და საფასური
- მე–10 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 60 ლარი;
- მე-5 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 80 ლარი;
- მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 100 ლარი;
- მე-2 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 120 ლარი;
- იმავე დღეს გაცემისთვის - 150 ლარი.
რა შემთხვევაში გაუქმდება პირადობის მოწმობა?
პირადობის მოწმობის გაუქმების საფუძვლებია:
- დოკუმენტის დამზადებიდან გავიდა ერთი წელი და მოქალაქემ აღნიშნული დოკუმენტი არ ჩაიბარა;
- დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა;
- სახელის ან გვარის შეცვლა;
- მონაცემებში უზუსტობის დადგენა.
პირადობის მოწმობის გამოყენებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა
ტრადიციულად, როდესაც რაიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზეა საუბარი, ეს ავტომატურად გულისხმობს წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე მისვლას და ქაღალდზე ხელის მოწერას. თუმცა პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათი) შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება, რომელიც მატერიალური ხელმოწერის ტოლფასია.
პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და შესაბამისი გასაღები. ისინი უზრუნველყოფენ ელექტრონული დოკუმენტის იმგვარ დაცვას, რომ ერთი მხრივ, შესაძლებელი იყოს ხელმომწერის იდენტიფიცირება და მეორე მხრივ, უკვე ხელმოწერილ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილების შეტანა ავტომატურად იწვევდეს ხელმოწერის ძალადაკარგულობას.
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შლის ყველანაირ მანძილს; ხელმომწერები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა ქალაქში, ქვეყანასა თუ კონტინენტზე და მაინც შეძლონ დოკუმენტზე ხელის მოწერა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ სერვისით სარგებლობისას, რომელიც პიროვნების ნების გამოხატვის დადასტურებას მოითხოვს, კერძოდ, ხელშეკრულებების გაფორმებისას, საგადასახადო ფორმების წარდგენისას და სხვ.
პირადობის ელექტრონულ მოწმობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://psh.gov.ge/main/page/1/15/437 ან https://sda.gov.ge/?page_id=17058
საკონტაქტო ინფორმაცია - (+99532) 2401010, (+995 32) 2405405