პროფესიული განათლება თანაბრად ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების მიღების ყველა მსურველისთვის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან. პროფესიული განათლების სისტემა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო, ისე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წელიწადში ორჯერ აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას. ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების შესახებ ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდსა (https://mes.gov.ge/index.php?lang=geo) და Facebook გვერდზე (https://www.facebook.com/MESGeorgia/?locale=ka_GE). პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე).
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
პროფესიული განათლების სისტემაში არსებობს 3 ტიპის - საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული და უმაღლესი პროფესიული - საგანმანათლებლო პროგრამა.
1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო განათლება, საშუალო სკოლის 9 კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;
2. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე 9 კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს მსგავსს დოკუმენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია 10-12 კლასების პროგრამა (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა). აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი - საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი განათლების (სკოლის) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება ძირითადად პრაქტიკულია და მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამის ბიზნეს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან, ზოგიერთი პროგრამა ხორციელდება დუალური მიდგომით, რაც გულისხმობს, დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების და მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
- https://vet.emis.ge/#/dashboard
- https://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია და ჩარიცხვა
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად ვებგვერდზე - https://vet.emis.ge/#/registration.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტებს შეუძლიათ გამოიყენონ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან
- რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი; ან
- ნეიტრალური პირადობის მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ტესტირების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ პირებს, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას, შესაძლებლობა აქვთ ტესტირება გაიარონ, მათ შორის აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. შერჩევის ეტაპის გავლისა და ჩარიცხვის შემდგომ შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი მოდული, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირებს ეძლევათ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ მათთვის სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) და შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომია ჩარიცხვის ალტერნატიული პროცედურა, რაც სსსმ/შშმაპლიკანტებს საშუალებას აძლევს რეალურ გარემოში მოსინჯონ მათმიერ შერჩეული პროფესი(ებ)ისდამახასიათებელი აქტივობები. გარდა იმისა, რომსწავლა ფინანსდება როგორც საჯარო, ისე კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე), ჩარიცხვის შემდეგ თითოეულ სსსმსტუდენტზე გამოყოფილია დამატებითი კვარტალური, ვაუჩერული დაფინანსება სტუდენტის სწავლის ხელშეწყობის მიზნით. ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, სსსმ/შშმპროფესიულ სტუდენტებს მიეწოდებათ ჟესტური ენის თარჯიმნის, ინდივიდუალური ასისტენტის, მობილობისა დაორიენტაციის სერვისი. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულება უზრუნველყოფს სტუდენტთა ტრანსპორტირებასაც. დამატებითი სერვისების საჭიროება განისაზღვრება პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების დროს, შესაბამისი სპეციალისტების მიერ ან დაწესებულების ინკლუზიური განათლების სპეციალისტის მიერ პროფესიული უნარების სააგენტოს შესაბამის გუნდთან კონსულტაციით.
აგრეთვე, სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან დაწესებულების ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და სასწავლო პროცესის ასისტენტები (საჭიროების მიხედვით). ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, სწავლება შესაძლოა წარიმართოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზეც.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხვა შესაძლებელია იმ პირებისთვის, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში და რომელთა სრული ზოგადი განათლება (საშუალო სკოლის დასრულება) აღიარებულ იქნა დადგენილი წესით.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიღებული სრული ზოგადი განათლების (სკოლის დასრულების) აღიარებას ახორციელებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის) ადმინისტრაცია.
პროფესიული განათლების დაფინანსება
სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად ფინანსდება, ხოლო კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში - მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად.
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი
მიმდინარე ეტაპზე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ხელმისაწვდომია შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
1. სსიპ კოლეჯი „აისი“ - გურჯაანის მუნიციპალიტეტი (სოფ. კაჭრეთი);
2. სსიპ კოლეჯი „იბერია“ - ქუთაისი;
3. ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2" - ზესტაფონი;
4. სსიპ სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - ახალქალაქი;
5. სსიპ კოლეჯი „სპექტრი“ - თბილისი;
6. სსიპ კოლეჯ „ახალი ტალღა“ - ქობულეთი;
7. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - ზუგდიდი;
8. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - მცხეთის მუნიციპალიტეტი (სოფ. წინამძღვრიანთკარი).
პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა
პროფესიული განათლების სისტემა ზრდასრულ მოსახლეობას სთავაზობს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში გადამზადდნენ/განივითარონ უნარები და დასაქმდნენ ან დაუბრუნდნენ დასაქმების ბაზარს. აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა ოფიციალური სერტიფიკატი. ამ შემთხვევაშიც, სწავლა სრულად ფინანსდება პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ხანგრძლივობა შეადგენს 2-დან 12 თვემდე პერიოდს. პროგრამაზე მიღება ცხადდება დაწესებულებების მიერ ინდივიდუალურად მთელი წლის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://vet.emis.ge/#/training-programs - https://mes.gov.ge/prof_edu.php?id=3&lang=geo
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მიღებული ზოგადი განათლების (საშუალო სკოლის დასრულების) აღიარების შედეგად შესაძლებელია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებში) ჩარიცხვა სხვადასხვა საშეღავათო გზით და სწავლის ღირებულების სასწავლო გრანტით დაფინანსების საფუძველზე.
აღიარების წესი:
აფხაზეთის რეგიონში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხოლო ცხინვალის რეგიონში -ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია .
ზოგადი განათლების აღიარების მიზნით, საჭიროა:
- შესაბამისი განცხადების წარდგენა, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში მიღებული ზოგადი განათლების კონკრეტული კლასის / საფეხურის / ტრიმესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში ზოგადი განათლების ცალკეული კლასის / საფეხურის / ტრიმესტრის გავლის ფაქტს;
- იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლოა ინახებოდეს განმცხადებლის მიერ აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში ზოგადი განათლების ცალკეული კლასის / საფეხურის / ტრიმესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სხვა რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც ადასტურებს განმცხადებლის მიერ აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.
აფხაზეთის რეგიონში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
- https://www.abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-EDUCATION-AND-CULTURE
- https://soa.gov.ge/
საკონტაქტო ინფორმაცია:
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცხელი ხაზი (+99532) 2950752
ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახური: (+995) 595958052