ცხოვრობ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში და გსურს დაიწყო წარმოება ან უკვე აწარმოებ გარკვეულ პროდუქციას? (არ დაგავიწყდეს, ამისათვის შენ შეგიძლია მოიპოვო მშვიდობის ფონდის დაფინანსება!) მიმართე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დისტანციურად, ონლაინ დარეგისტრირდი მეწარმედ. სააგენტოში ადგილზე შენ ასევე შეგიძლია სამეწარმეო იურიდიული პირის (კომპანიის) რეგისტრაცია.
ასევე ელექტრონულად შენ შეგიძლია მიმართო შემოსავლების სამსახურს, რათა მიიღო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების თანხმობა და სპეციალური საწარმოს სტატუსი. ეს სტატუსი გაძლევს უპირატესობას, რომ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობის/ბიზნესის წარმოების ნაწილში გათავისუფლდე საშემოსავლო, მოგების და დღგ-ს გადასახადებისგან.
არ დაგავიწყდეს, რომ თუ არ ფლობ საქართველოს მოქალაქეობას, ამ ყველაფრის მისაღწევად პირველ რიგში საჭიროა ნეიტრალური ფორმით რეგისტრაცია და პირადი ნომრის მიღება. ამისათვის უნდა მიმართო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულად, ან მის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მოგანიჭებთ ნეიტრალური სახის პირად ნომერს.
ვის შეუძლია სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღება?
სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღება შეუძლია პირს, რომელიც უკვე ფლობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საქმიანობისთვის სპეციალურ თანხმობას და ახორციელებს:
- აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდებას, ასევე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან პროდუქციის ექსპორტს. ამ შემთხვევაში აკრძალულია აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონებიდან აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმლისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება;
- აღნიშნული მიზნისთვის აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში საქონლის წარმოებას;
- დანარჩენ საქართველოში არსებული საქონლის აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში მიწოდებას.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ:
- აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით;
- ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით.
რა შეიძლება ჩაითვალოს აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში წარმოშობილ ან წარმოებულ საქონლად?
აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში წარმოშობილ ან წარმოებულ საქონლად ჩაითვლება:
- სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის წიაღიდან, ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;
- მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე;
- აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;
- აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;
- აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტები;
- საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომლებიც შეგროვდა აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;
- საქონელი, რომელიც წარმოებულია აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ზემოაღნიშნული პროდუქტებისაგან;
- დანარჩენ საქართველოში არსებული საქონელი, რომელიც გადამუშავდა აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელმა საქონელმა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის პირველი 4 სასაქონლო პოზიციიდან თუნდაც ერთი ნიშანი (ციფრი) შეიცვალა;
- თუ ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული წარმოშობილია ან წარმოებულია აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების, სულ ცოტა, 51%-ს.
საგადასახადო შეღავათი
ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია - აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის ამ ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება.
ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია - სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიწოდება.
საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან თავისუფლდება:
- აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის ამ ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდებიდან, ან/და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან პროდუქციის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი/მოგების განაწილება.
ამ შემთხვევებში აკრძალულია აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონიდან აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება.
- დანარჩენ საქართველოში არსებული საქონლის აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიწოდება.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებს (მათ შორის, საგადასახადო აგენტის ფუნქციას) ასრულებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სტატუსის მინიჭება და საფასური
სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს სსიპ შემოსავლების სამსახური, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე.
სტატუსის მინიჭების მოთხოვნა შესაძლებელია წერილობითი ან ელექტრონული განაცხადის წარმოდგენის გზით https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=708
განცხადება უნდა შეიცავდეს:
- პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება/სახელი, გვარი, მისამართი);
- საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი);
- წარმოებაში დასაქმებული პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო ნომერს;
- პირის მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალური თანხმობის გაცემის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭება უფასოა.
შემოსავლების სამსახური 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭება / მინიჭებაზე უარის თქმა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
პირი სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული სპეციალური თანხმობის ვადით.
სპეციალური თანხმობის მიღება / მოქმედების ვადის გაგრძელება
სპეციალური თანხმობის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.
განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია წერილობით ან ელექტრონული ფორმით -
https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=707.
განაცხადში უნდა მიეთითოს:
- განმცხადებლის დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
- ინფორმაცია საქმიანობის ადგილსამყოფლის შესახებ;
- განმცხადებლის მისამართი;
- დეტალური ინფორმაცია საქმიანობის შესახებ;
- მოთხოვნა კონკრეტული საქმიანობის განხორციელებაზე სპეციალური თანხმობის მიღების თაობაზე, თანხმობის მოქმედების ვადის მითითებით;
- თანხმობა მასზედ, რომ იგი თანახმაა მის შესახებ საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის სახელმწიფო სხვა სტრუქტურებისთვის გადაცემაზე;
- განცხადების წარდგენის თარიღი;
- განმცხადებლის ხელმოწერა.
- განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირის მომართვის შემთხვევაში − ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
თანხმობა თავდაპირველად გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შესაძლებელია, ყოველ მომდევნო ჯერზე გაგრძელდეს დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, განცხადებაში მითითებული ვადით.
სპეციალური სტატუსის მქონე პირს ეკრძალება
სპეციალური თანხმობის მიღების მიზნით წარდგენილ განცხადებაში მითითებულისგან განსხვავებული საქმიანობა.
აღნიშნული იწვევს გაცემული თანხმობის და შესაბამისად მინიჭებული სტატუსის გაუქმებას, რა მიზნითაც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://rs.ge/LegalEntityPreferentialTax?cat=4&tab=1
საკონტაქტო ინფორმაცია - (+99532) 2299299