"მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ (მშვიდობის ფონდი) არის 2019 წელს შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
მშვიდობის ფონდის მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გაძლიერება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის გზით.
დასახული მიზნის მისაღწევად, მშვიდობის ფონდი ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რის საფუძველზეც აფინანსებს საუკეთესო ბიზნეს პროექტებსა და ინიციატივებს.
მშვიდობის ფონდი ფინანსდება საერთაშორისო დონორების მიერ.
საკუთარ საქმიანობაში მშვიდობის ფონდი ხელმძღვანელობს გამჭვირვალობის, კანონიერების, მიუკერძოებლობის, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით აკრძალვის, გენდერული თანასწორობის დაცვის, გრანტების თანაბარი ხელმისაწვდომობის და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მიმართ სენსიტიურობისა და სტატუს-ნეიტრალური პრინციპებით.
ფონდის მიერ ფინანსდებიან:
- აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირ(ებ)ი;
- საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, თუ საგრანტო პროექტი განხორციელდება საქართველოს მოქალაქისა და აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირ(ებ)ის მიერ ერთობლივად, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს;
- ერთობლივი ქართულ-აფხაზური / ქართულ-ოსური სამეწარმეო იურიდიული პირი.
დაფინანსების სფეროებია:
- სოფლის მეურნეობის სექტორი (მაგალითად, ფერმერული საქმიანობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, თევზრეწვა, მეფუტკრეობა);
- სამრეწველო სექტორი (მაგალითად, გადამუშავება და წარმოება).
დაფინანსდება როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება, ასევე ახალი ეკონომიკური აქტივობები.
სფეროები, რომლებიც არ ფინანსდება:
ფონდის საგრანტო პროგრამით არ ფინანსდება პროექტები, რომლებიც უკავშირდება მომსახურების სფეროსთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობას (მაგალითად, სასტუმრო და სარესტორნო საქმიანობა, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, სავაჭრო ობიექტები, ავტო მომსახურება/სამრეცხაოები, განათლება და მეცნიერება, მედიცინა, საფინანსო მომსახურება, ტრანსპორტი, მედია, რეკლამა, ციფრული მომსახურება, ღონისძიებები, ლოგისტიკა, კვლევა, სათამაშო ბიზნესი და აზარტული თამაშები, პროფესიული სერვისები, პოლიტიკური, საქველმოქმედო და რელიგიური საქმიანობა).
საგრანტო პროგრამით ასევე არ ფინანსდება: სახიფათო ნივთიერებების წარმოება; აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ისეთი საქონლის შემოტანა/შეძენა, რომელიც არ არის აფხაზეთის ან/და ცხინვალის რეგიონებში წარმოებული ან წარმოშობილი; აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში აქციზური საქონლის (გარდა ადგილზე წარმოებული თამბაქოს ნაწარმის და ალკოჰოლიანი სასმელების) წარმოება.
დაფინანსების ფარგლები:
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფონდის დაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არანაკლებ 5,000 და არაუმეტეს 15,000 ლარით, ხოლო ბენეფიციართა ჯგუფზე - არანაკლებ 15,000 და არაუმეტეს 50,000 ლარით.
დაფინანსების ფორმა:
საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძირითადი საშუალებების შესყიდვა და ასევე საჭიროების შემთხვევაში, საწარმოო პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი ნედლეულის და სახარჯი მასალების შეძენა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე.
დაუშვებელია ფონდის მიერ გაცემული გრანტით:
- უძრავი ქონების (მათ შორის მიწის) შეძენა;
- ისეთი ხარჯები, რომლებიც უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის, პროგრამის მეშვეობით;
- სატრანსპორტო საშუალების შეძენა პირადი სარგებლობისთვის, გარდა აგროსამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საშუალებებისა (მაგალითად, ტრაქტორი).
განაცხადის წარდგენა:
მშვიდობის ფონდის მიერ საგრანტო განაცხადები/პროექტები მიიღება ყოველწიურად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ელექტრონულად, ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://peacefundbf.org/
საკონტაქტო ინფორმაცია: pfbf@pfbf.org